Skip to content

სასოწარკვეთილი ჩრდილების ჭიდილი

იანვარი 17, 2016

ასე და ამგვარად, სადღაც წავიკითხე ერთხელ, შუაღამეს აზრები, რომ მოგდის არ დაუჯეროო, მაგრამ ამჯერად გავთამამდები და მაინც დავწერ.

იცით რა არის მეგობრებო, ასე მგონია, რომ რომ ჩვენ ყველას  ჩვენივე საკუთარი ჩრდილის გვეშინია.და სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ თავებს არც თუ ისე კარგად, პირდაპირ თუ ვაღიარებთ და, უბედურებად ვგრძნობთ. ვიცი, ვიცი უაღრესად ფილოსოფიურად ღჟერს, ( თან გააჩნია როგორი ინტონაციით წაიკითხავთ) მაგრამ მართლა ასეა. დიახ, ყველაზე მეტად გვეშინია ჩვენი საკუთარი “მე”-სი, რომელიც ღამ-ღამობით უკან მოგვდევს, თავისთვის, წყნარად, ჩუმად. ჩვენ კი, დავინახავთ თუ არა თვალს ვაშორებთ, ვცდილობთ სხვა რამეზე გადავიტანოთ ყურადღება, თავიდან ავირიდოთ მასზე ფიქრები და აღარ შევხედოთ ჩვენს საკუთარ თავს, რომელიც, თავის წარმოჩენის მიზნით, ხშირად ორმაგდება, სამმაგდება და ოთხმაგდება კიდეც. გვებრძვიან, იქნებ რამენაირად გაიმარჯონ, ჩვენი ყურადღება მიიქციონ.                                                              მაგრამ, არა! არაფრით არ ვანებებთ მას, რომ ერთი წუთით მაინც შევავლოთ თვალი და დავფიქრდეთ, იქნებ რა უნდა, რას გვეუბნება.

r006-002

მოკლედ, ჩემო მეგობრებო, მგონია, რომ ჩვენი ყველაზე დიდი უბედურება ჩვენი სურვილების, ბედნიერების თუ სხვადასხვა ზრახვების მიმართ შიშია. თუნდაც ჩვენი, სხვებისთვის მიუღებელი, ოცნებების,ნატვრების შიში. გვეშინია, რომ დაგვცინებენ. გვეშინია, რომ ზურს შეგვაქცევენ. გვეშინია , გვეშინია და ისევ გვეშინია. გვგონია, რომ თუ ჩვენს საკუთარ მეს დავმალავთ და ჩარჩოებში მოვექცევით, საკუთარ თავებს დავაჯერებთ, რომ სწორედ ესაა ბედნიერების გასაღები, უსასრულო სიხარულს მივიღებთ საჩუქრად. სამუდამო არაფერიაო, გაგიგიათ ალბათ და მეც, ჩემი მოკრძალებული აზრით, მგონია, რომ ერთ დღესაც მივხვდებით, თუ რა უბედურნი ვყოფილვართ. უბედურნი ვყოფილვართ იმიტომ, რომ მთელი ჩვენი ცხოვრება საკუთარი ჩრდილის შიშში გაგვიტარებია. მივხდებით, მაგრამ ალბათ გვიანი იქნება, რადგან უკვე ქცეულნი ვიქნებით ისეთივე ყალბ ფაიფურის თოჯინებად, როგორებადაც სხვები, საკუთარი თავით შეშინებულნი ქცეულან. და ვიქნებით სავსე ყალბი ბედნიერებით, სიხარულით, კმაყოფილების გრძნობით.

მაგრამ, იქნებ ასე უკეთესია. მთავარი ის არაა, ბედნიერნი რომ ვიყოთ?

იქნებ ასეა უკეთესი..

პ.ს. ბოდიშს გიხდით ამ ფილოსოფიური და დრამატურგული “წერილისთვის” ,( ან როგორც გინდათ ისე უწოდეთ) შეიძლება გამაღიზიანებელიც იყოს თქვენთვის,მაგრამ სხვანაირად არ გამოვიდა.ჰოდა მეც თუ დავმალავდი და არ დავწერდი, ზუსტად იგივენარი, საკუთარი ჩრდილის მიერ დამფრთხალი არ გამოვიდოდი? და, თამამად შემიძლია ვთქვა, გავიმარჯვე მე დღეს ჩემს ჩრდილზე, შევებრძოლე, შევეჭიდე მას და დიახ, (ამპარტავნულად ჯღერს, მაგრამ) სწორედ ამ პოსტის დაწერით, დავამარცხე ის.

შემოდგომა ჩვენი მღელვარებისა

ოქტომბერი 26, 2015

სულ რაღაცნაირი ბანალურ-ბედნიერი გრძნობა მქონდა წვიმის დროს. მოღრუბლულ ცას რომ დავინახავდი მაშინვე, წიგნი და თბილი ოთახი წარმომიდგებოდა თვალწინ და ერთი სული მქონდა სახლში როდის მივიდოდი. ახლა აღარ მიყვარს წვიმა, კიარადა თითქოს მიყვარს მაგრამ იძულებული ვარ აღარ მიყვარდეს. 13 ივნისის მერე ასეა საჭირო.

წვიმა რა შუაშიაო იკითხავთ ალბათ.მართლაც,  წვიმა არაფერ შუაშია. რაღაც\ვიღაც გიყვარს, მერე გულს გატკენენ  და ცდილობ დაიჯერო რომ ცუდია და აღარ უნდა გიყვარდეს. მაგრამ იქნებ არ უნდა წვიმას, რომ სულ ცუდი იყოს და არც იმას ვინც გაგაბრაზა. ( არ იფიქროთ, რომ ეს პოსტი დეპრესიული შეყვარებული გოგოს დაწერილია. არაფერიც! უმორჩილესად გთხოვთ, ნუ გეგონებათ რომ სიტყვა სიყვარული მაინცდამაინც ვიღაცას უნდა მიემართებოდეს, ეს ისე მაინც, რომ იცოდეთ)

r001-014

ხანდახან ბრაზდები შენს თავზე, ბრაზდები ყველაზე და ყველას მაგივრად დედას ეჩხუბები. ხანდახან დასცინი ახალგაზრდებს, რომლებიც არ მოგწონს და თან გრძნობ რომ სადღაც, რაღაცნაირად შენც მათნაირი ხარ და გცხვენია, გცხვენია შენი თავის. საზიზღრებად მიიჩნევ პიროვნებებს,რომლებიც ადამიანებს ჩაცმულობით, წარმომავლობით აფასებენ და ნუთუ ვერ ატყობ,რომ ხშირად შენც ასე იქცევი? ეძებ გზას, ამბობ რომ მიზანს აუცილებლად მიაღწევ, მაგრამ განა რამე ღირებულს აკეთებ ამისთვის? არ მოგწონს, როდესაც ვიღაც-ვიღაცები თავიანთი განათლებით (რატომღაც ითვლება,რომ ბევრი წიგნის წაკითხვა უმაღლესი განათლების ქონას ნიშნავს) “მარიაჟობენ” და ბევრს,ძალიან ბევრს ლაპარაკობენ და აქტიურობენ, მაგრამ ხანდახან გულში გშურს ამ ადამიანების,რომ შეუძლიათ ასეთი თამამნი და კომუნიკაბელურნი იყვნენ. აკრიტიკებ ახალგაზრდებს, რომლების ცდილობენ გასხვავებულებად წარმოაჩინონ თავი, განა შენ არ ცდილობ ამას ხშირად და შენს თავზე არ ბრაზდები,როდესაც ხვდები,რომ შენც მათნაირი ხარ?

იცი რა არის, ყველანი ჩარჩოებში ვართ მოქცეული, ვაკრიტიკებთ ყველას და ყველაფერს, თანაც სრულიად უმიზნოდ. ჩვენ როდესაც გვაკრიტიკებენ, არ მოგვწონს. სინამდვილეში კი, ვაკრიტიკებთ ანალოგიურად ჩვენნაირ ადამიანებს და ჩვენნაირი ადამიანები გვაკრიტიკებენ ჩვენ. ყველანი ცალკცალკე ვთვლით,რომ რაღაცით სხვაზე უკეთესნი ვართ და სხვაზე მეტი უფლებები გვაქვს.

იცით რა არის სინამდვილეში? “მთავარი ის კი არ არის რას აკეთებ, არამედ როგორ აკეთებ და შენ თვითონ რას არქმევ ამ საქმეს” ( ჯონ სტაინბეკი)

პოსტის სათაურმა არ გაგაკვირვოთ, დამიჯერეთ ვიცი წიგნს როგორ ჰქვია სინამდვილეში. ( აი სად გამოჩნდა ის “მარიაჟობა”. გახსოვთ რომ ვსაუბრობდით ამაზე?)

ცხოვრების ახალი ეტაპი, სტუდენტობა, ნაადრევად მოსული ზამთარი (?) და მეექვსე კორპუსი

ოქტომბერი 14, 2015

იცი როგორ არის? ერთ დღესაც იღვიძებ და ხვდები,რომ რაღაც იცვლება. ჰოდა არ უნდა გეწყინოს და არ უნდა გეტკინოს. ასეც უნდა იყოს ეს. ეს ნორმალურია. იღვიძებ და ხვდები, რომ თურმე რაღაც აღარ გაინტერესებს, მაგალითად ხვდები რომ ორი წლის წინ ნანახი ფილმი ,რომელსაც გენიალურობად აღიქვამდი, სრული სისულელეა. გახსენდება რას უსმენდი, რა ინტერესები გქონდა თუნდაც გუშინ და გეღიმება. გეღიმება, იმიტომ რომ ხვდები, თუ რა სხვანაირი იყავი და როგორც შეიცვალე.გეღიმება, როდესაც კითხულობ ძველ წერილებს, თითქოს გრცხვენია კიდეც, “რა სისულელეები მადარდებდაო” . რაღაც რაც ძალიან გიყვარს უმნიშვნელო ხდება, გინდა თუ არა.

ვიღაც მიდის და არც უნდა გაგიკვირდეს, რომ მიდის. მიდიხარ, ფიქრობ და გახსენდება, გახსენდება მაშინ რა მუსიკას უსმენდი, რისი სურნელი იყო, როგორი ამინდი იყო. ბევრი ასოციაცია. გახსენდება და გული არ გწყდება, ოპტიმისტურ-პესიმისტური ფიქრები ირევა თავში და მშვიდდები. მშვიდდები, იმიტომ რომ იცი, რომ ყველაფერი ხდება ამ ქვეყნად. როდესაც გგონია, რომ ყველაზე უბედური ადამიანი ხან , შეიძლება შენს გვერდით მდგომი, შენთვის უცნობი ადამიანი, ზუსტად იგივეს ფიქრობდეს თავის თავზე და თავის ცხოვრებაზე.

r006-022

ბევრს აღარ ვილაპარაკებ და პირდაპირ გეტყვით, რომ გამარჯობა! მე დღეს სტუდენტი ვარ და ერთ-ორ სიტყვას დავწერ ამის შესახებ. ბევრი რამ დაგროვდა ამ ერთი თვის მანძილზე. მეექვსე კორპუსი ( ვიტყუები, სხვა კორპუსებშიც მიტარდება ლექციები) , ლექციიდან ლექციაზე გაქცევა, ძალიან გრძელი პარასკევი დღე, საღამოს რომ გგონია დამთავრდა და მეორე დღეს მაღლივი გელოდება, თამაზ ჯოლოგუა, საოცარი პიროვნება. მიხვედრა იმისა, რომ მარტო ამ ადამიანის გამო ღირს ჟურნალისტიკაზე ჩაბარება და დანარჩენი 5 საგნის გავლა (სემესტრში). ბატონი ვახტანგ იმნაიშვილი, თავისი უცნაური და ამავდროულად (ჩემთვის) ძალიან კარგი იუმორით, საოცარი პროფესიონალიზმით, როდესაც ხვდები , რომ ის რედაქტირებები, რომლებსაც ადრე წერდი, ძალიან, ძალიან ადვილი ყოფილა მის შედგენილ რედაქტირებეთან შედარებით. უნივერსიტეტის საოცარი ბიბლიოთეკა და ჭორიკანა სტუდენტები, რომლებიც ბიბლიოთეკაში მხოლოდ სალაპარაკოდ  და სხვებისთვის ხელის შესაშლელად შედიან. უბედური 048 (რომლის გარემონტებასაც შეგვპირდნენ!) და კიდევ ბევრი რამ. ცოტა თავხედი ვარ, არა? მხოლოდ თვე-ნახევარია  სტუდენტი ვარ და ამდენს “ვტლიკინებ” უკვე.

გრძნობა იმისა, რომ შეიცვალე. შეიცვალე კი არა, რაღაც ძველი დაგიბრუნდა. უსმენ ისევ იმ მუსიკას, რასაც რამდენიმე წლის წინ უსმენდი, თითქოს იგივე ინტერესები გაქვს, რაც ადრე გქონდა. მგონია კარგია, არა?

ძალიან,ძალიან არეული პოსტი იყო.რადიკალურად განსხვავებული დასაწყისით, შუა ნაწილით და დასასრულით. აბა, სამ პოსტს ხომ არ დავწერდი? (ამით გავიმართლებ თავს). ცოდვა გამხელილი ჯობიაო და, დასაწყისი რამდენიმე დღის წინ დავწერე და იმიტომაა ასე. ჰოდა გამაკრიტიკეთ, ვიცი, რომ ბევრი და ალბათ ბევრისთვის უინტერესო რამ ვწერე. მაგრამ მაკრიტიკეთ, როგორც თამაზ ჯოლოგუა იტყოდა, მაკრიტიკეთ იმისთვის, რომ უკეთესი ვიყო.

წიწამურთან

სექტემბერი 12, 2015

წიწამურში რომ მოკლეს ილია,
მაშინ ეპოქა დათავდა დიდი,
ძველი სიმღერა და იდილია,
ფანტასტიური გამოჩნდა ხიდი.

1907 წელი, 12 სექტემბერი. აი საუკუნეზე მეტი გავიდა. 12 სექტემბერს მოკლეს ილია. საუკუნოდ შემორჩა ქართველ ერს მისი ბოლო ტკივილით და განცვიფრებით სავსე სიტყვები “რას სჩადით,ილია ვარ”. ილია მოვკალით ჩვენ, თითოულმა ჩვენგანმა ჩავიდინეთ დანაშაული,რომელსაც ვერაფრით ვერ გამოვისყიდით.

ილიას სიკვდილთან ერთად ქართული ერი სულით დაეცა და მას შემდეგ ცდილობს ფეხზე წამოდგომას, სხვას აბრალებს ილიას მკვლელობას. აბრალებს ყველას, საკუთარი თავის გარდა. რადგან ალბათ ერის ბევრი წარმომადგენელი იზიარებს ნოე ჟორდანიას სიტყვებს  :”როცა ხეს ჭრიან,ნაფოტები ცვივა”. და მაშინ გაგრძელდეს ასე სამუდამოდ, სამუდამოდ მოვჭრათ ხეები და სცვიოდეს ნაფოტები, სანამ ბოლომდე არ დასცვივდება და მისგან არაფერი არ დარჩება.

დაიყვირებ  –

რას შვრებით, ხალხო,

ილია ვარ!

მაგიტომაც გკლავთ, ილია რომ ხარ! – მოგიგდებენ კბილების ღრჭიალითა, გინებითა, ღიმილითა, და დაგახლიან ტყვიასა…

და ჰა, მოგდგომიან მერე კონდახებითა, გიჩეჩქვავენ  შუბლებსა

მაგრადა, გულდაგულა, საიმედოდა/ქართველები ხომ, თუ რამეს აკეთებენ, თუ გაკეთებამდე მივა საქმეი, ყველაფერს გულდაგულ, საიმედოდ აკეთებენ!

ილიამ თავისი მოვალეობა შეასრულა. სიკვდილით საბოლოო წერტილი დაუსვა თავის მთავარ საქმიანობას, იმას რასაც მთელი თავისი ცხოვრება მიუძღვნა- ერზე ზრუნვას. ბოლოჯერ და საბედისწეროდ ჩაახედა მთელი ქვეყანა გატეხილ და აქა-იქ დალაქავებულ სარკეში და ერის ნამდვილი სახე დაანახა . ჰოდა იქნებ ახლა მაინც გამოვიღვიძოთ, ახლა მაინც, ამდენი წლის შემდეგ, გაგვინათდეს გონება და ერთხელ მაინც დავფიქრდეთ, თუ რა არის ღირებული ერისთვის და ასე ცალკცალკე, ერთმანეთთან მტრობით, გაუტანლობით, შურით და მხოლოდ სხვისი ცუდის დანახვით კიდევ ბევრჯერ მოვკლავთ ილიას და ნაფოტებს ცეცხლში შევუკეთებთ. და ბოლოს, ლელთ ღუნიას ტკვილნარევი სიტყვები. სიტყვები,რომლებსაც აქტუალურობა დღემდე არ დაუკარგავს. იქნებ ახლა მაინც დავუსვათ ყველამ საკუთარ თავს კითხვა,როდესაც სხვას გავაკრიტიკებთ და სხვის ცუდს შევამჩნევთ, ჩვენც ხომ არ ვართ დამნაშავენი? იქნებ დავფიქრდეთ და მივხვდეთ ,რომ ჩვენი ამგვარი ქცევით კიდევ ბევრჯერ მოვკლავთ ილიას წიწამურთან.

ადრიდა ავად თუ კარგად ჩვენ ჩვენი თავნი ჩვენადვე გვეყუდნეს, მით იყვის უკედ. ადრიდა ერი ერობდის, გული გულობდის, ვაჟაი ვაჟაბდის, ქალაი ქალაბდის. ადრიდა?! ერთურთს დავეყუდნით, ერთურთს ვიხვეწებდნით.

მაკონდოში წვიმს

სექტემბერი 1, 2015

წვიმა. წვიმიანი ამინდი არ უყვარს, მიუხედავად იმისა,რომ ყველაზე რომატიკულ, სევდიან და მარტოსულების ამინდად ითვლება. ჰოდა სწორედ ამიტომ არ უყვარს.

პიროვნება,სავსე ბევრი სხვადასხვა პიროვნებით. ბევრი მე-თი და ბევრი ღრუბლიანი ფიქრით ტვინის უჯრედებში. (ცოტა გაუგებარია არა?!)

ისევ ფიქრობს და  ხვდება,რომ გაბრაზებულია. გაბრაზებულია დედაზე , ქალაქზე , ამინდზე და საერთოდ ყველაფერზე. იცის, ძალიან ძალიან კარგად იცის,რომ “ბედნიერ ადამიანს ვინმე უნდა ჰყავდეს გვერდით გამომლაპარაკებელი” ( თამაში ჭვავის ყანაში) მაგრამ მაინც თავისას არ იშლის. გადაწყვიტა,რომ ასე თავს უკეთესად გრძნობს , მაგრამ გულის სიღრმეში მაინც ხვდება, თუ რამდენად უაზროა მისი ასეთი პოზიცია.გაათმაგებულია.

“მაკონდოში წვიმს” (მარტოობის ასი წელი) და მას კი მაინც არ უხარია, გესმით?! მაინც არ უხარია.ბრაზობს, ძალიან  ბრაზობს,რომ ყცველაფერს გააჩნია ვარგისიანობის ვადა, ყველაფერს, ადამიანსაც კი. (99 ფრანკი) .მალე გაგიჟდება, ახსენდება,რომ მილიონი წლის განმავლობაში რასა ვითარდება,სულ უფრო იხვეწება, აგებს ქალაქებს, ყველანაირად ზრუნავს მშვენიერების იდეალის სრულყოფისათვის და შემდეგ-კვდება (მარსის ქრონიკა) აი ასე, უბრალოდ ერთ დღესაც კვდება. მაშინ რაღა საჭიროა, ეს კოშკები, ბედნიერების წამები,რომლებიც ყველას ატყუებენ, რატომ არსებობს იმედი, ბედისწერა, სიცოცხლე. მაშინ საერთოდ სიცოცხლე რატომ არსებობს?!

გაათმაგდა, გაოცმაგდა. მაკონდოში ისევ წვიმს და მიუხედავად იმისა,რომ იმ კაცთა მოდგმა,რომელიც განწირულია ასი წლის მარტოობისთვის, მეორედ აღარ მოვა ამქვეყნად ( მარტოობის ასი წელი) მაინც ვერ გრძნობს ვერაფერს, ვერც სინანულს, ვერც ტანჯვას, ვერც სიყვარულს და მზრუნველობას ვინმეს მიმართ.

რაც არ უნდა გააკეთო,როგორც არ უნდა მოიქცე, დრო მაინც თავისას შვრება. მიდის და ყველა თან მიყავს. აბა ერთი ადამიანი მაინც მითხარით,ვისაც დროსთან ბრძოლაში გაუმარჯვია, მითხარით, რაღას ელოდებით.

გაათასმაგდა და ისევ გადაუღებლად წვიმს. იწვიმოს, იწვიმოს. ის დანებდა, დაე იწვიმოს და თან წაიყვანოს ის კეთილი ხალხი,რომელიც ყველაფერს აკეთებდა,რომ უკეთესი სამყარო შეექმნა. წაიყვანოს,ისიც დანებდა. მაკონდოში წვიმს, კოკისპირულად წვიმს.

თაობები ისე უკვალოდ ქრებოდნენ,როგორც ხიდან ჩამოცვენილი გათელილი,დასველებული,დაწიწკნილი და მარადიული გაზაფხულისგან ნეშომპალად ქცეული  ფოთლები (მისის დოლოვეი).

We never change ანუ დაბრუნება

მარტი 23, 2014

გამარჯობა

უცებ გადავწყვიტე აქ შემოსვლა და მივხვდი თუ როგორ მომნატრებია აქაურობა. წელიწადზე მეტია არაფერი დამიწერია.ახლა კი, პოსტებს რომ გადავხედე გული ამიჩუყდა.

იცი,დიდი დრო გავიდა,ბევრი რამ უარესობისკენ შეიცვალა,ბევრიც უკეთესობისკენ. ჰოდა იცი რას მივხვდი?!ჩვენ მაინც არასდროს ვიცვლებით. რაც არ უნდა მოხდეს არ ვკარგავთ იმედს,გვშურს,ვბრაზდებით,გვიყვარს,გული გვტკივა.რაც დრო გადის ვრწმუნდები,რომ არაფერი არ იცვლება,უბრალოდ ხანდახან სხვანაირ გადაწყვეტილებებს ვიღებთ,არასწორ ნაბიჯებს ვდგამთ.ხანდახან ვნანობთ,ვამაყობთ.ბოლოს კი შეცდომების გამოსწორებას ვცდილობთ.მოგონებები თავს გვახსენებენ,ჩვენს სწორ გზაზე დაყენებას ცდილობენ.ყველაფერი მეორდება და არაფერი იკარგება.ადრე თუ გვიან ოცნება მაინც აგვიხდება და შუქი მაინც მიგვიყვანს სახლამდე.Image

ლიმონიანი ყავა ჩაით

თებერვალი 6, 2013

 

dontიცი, ძალიან დიდი მნიშველობა აქვს რითი სვამ ყავას, გამჭირვალე,დიდი გრძელი,თუ პატარა ნახატებიანი ჭიქით.

ისიც მნიშველოვანია, რა ფილმს უყურებ ამ დროს ან რა წიგნს კითხულობ.

იმაზე დაფიქრება არ დაგავიწყდეს რძეს დაუმატებ თუ არა,მერე გვიანი არ იყოს.. ან საერთოდ მოდი დაფიქრდი და..

მაგრამ,დაიცა ეს რაშუაშია,მთავარია რამდენ კოვზ შაქარს ჩაიყრი,ან შეიძლლება უშაქროს სვამ. მოიფიქრე! და იმედნი ჩაყარე,რომ მერე არც გემწაროს და არც გეტკბილოს.

ან იქნებ საერთოდ არ გიყვარს ყავა და ლიმონიან ჩაის ამჯობინებ, ან ლიმონის გარეშე.

და საერთოდ, რაშუაშია ან ყავა ან ჩაი, მთავარია გიყვარს თუ არა..

ან გიყვარს ან არა.

და ბოლოს, ეს პოსტი თუ პირდაპირ მნიშველობით მიიღეთ გირჩევთ არასდროს დალიოთ ლიმონიანი ყავა ჩაით. ამიტომ ნუ მიიღებთ პირდაპირ.

გმადლობთ.